კომისიების შექმნა I მოდელით

თუ სკოლაში არჩევნები ტარდება პირველი მოდელის მიხედვით, თითოეული კლასი ირჩევს კომისიის სამ წევრს, რომელთაგან მომავალში თავად კომისია ერთს  თავმჯდომარედ აირჩევს, ერთს კი – კომისიის მდივნად. კომისიის სამი წევრის არჩევა შესაძლებელია სამოქალაქო განათლების ან ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებლის დახმარებით, შემდეგი პროცედურების დაცვით: მოსწავლეები ასახელებენ კანდიდატებს (შესაძლებელია საკუთარი კანდიდატურის დასახელებაც).

სამი კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, შემდგომი პროცედურები აღარ ტარდება და კომისიის წევრთა მოვალეობას დასახელებული სამი კანდიდატი შეასრულებს.

სამზე მეტი კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, ტარდება ფარული რეიტინგული გამოკითხვა შემდეგი წესის დაცვით:

ა) კომისიის წევრობის ყველა კანდიდატის სახელი დაიწერება ერთნაირი ფერისა და ზომის ფურცლებზე, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეიტინგულ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობას. აღნიშნული ფურცლები დაურიგდებათ მოსწავლეებს და თითოეული მათგანი შემოხაზავს მხოლოდ სამი კანდიდატის სახელს. კომისიის წევრობის თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმები დაჯამდება. კომისიის წევრი გახდება ის სამი კანდიდატი, რომელიც რეიტინგული გამოკითხვის შედეგად მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

ბ) თუ სარეიტინგო გამოკითხვის შედეგად, კომისიის წევრთა კანდიდატებიდან კომისიის მესამე წევრი ვერ გამოვლინდა ხმათა თანაბარი რაოდენობის გამო, მოეწყობა სარეიტინგო გამოკითხვის მეორე ტური მხოლოდ იმ კანდიდატების მონაწილეობით, რომლებმაც სარეიტინგო გამოკითხვის I ტურში თანაბარი ქულები დააგროვეს. საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევისას, სასურველია, დავიცვათ გამოკითხვის ფარულობა.