საარჩევნო ღონისძიებების კალენდარი (ვადები) სწავლის დაწყებიდან:
• 1-ლი კვირა – კლასის/სკოლის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება;
• მე-2 კვირა – სიების შედგენა;
• მე-3 კვირა – კანდიდატების რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის წარმოება;
• მე-4 კვირა – საარჩევნო კამპანიის წარმოება, არჩევნები.
კომისიების შექმნა
არჩევნების ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარება საარჩევნო კომისიების საქმეა. კომისიების ორგანიზებულობაზე ბევრად არის დამოკიდებული, რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება არჩევნები. სკოლებში არჩევნებისთვის მზადება, უმჯობესია, დაიწყოს კლასის და/ან სკოლის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ თუ სურთ, იმუშაონ საარჩევნო კომისიაში, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ როგორც კანდიდატები, ვინაიდან სკოლის თვითმმართველობის წევრობის კანდიდატობისა და კომისიის წევრობის შეთავსება დაუშვებელია.