ხშირად შეგვიმჩნევია, რომ ჩვენს გვერდით მყოფი გოგონას შესაძლებლობების დაკნინება მხოლოდ იმ მიზეზით ხდება, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. მოგვისმენია სტერეოტიპული გამონათქვამები: „პოლიტიკა და აქტიურობა რა ქალის საქმეა?“ ასეთი მცდარი და სტერეოტიპული გამონათქვამი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მისი ავტორი მოძველებული შეხედულებებით საზრდოობს, და რეალურად არ იცის, რომ ქალს, ისევე როგორც კაცს (ჩვენს შემთხვევაში გოგონა და ბიჭ მოსწავლეს) კონსტიტუციამ თანასწორი უფლებები მიანიჭა. ამ უფლებების შელახვა სტერეოტიპული გამონათქვამებით იწყება. ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება იწყება მათი დაბადების მომენტიდან, ხანდახან კი - უფრო ადრეც. დაბადების მომენტიდან ხშირად გოგონებს და ბიჭებს თავს ახვევენ იმ მყარად განმტკიცებულ სტერეოტიპებს ქალისა და კაცის როლის შესახებ, რომელიც რეალობისგან შორს არის. სტერეოტიპით ზარალდება როგორც გოგონა, ისე ბიჭი. მაგალითად, ხშირად ბიჭებს უკრძალავენ ემოციების გამოხატვას, რადგან არსებობს მყარი სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ „ბიჭები არ ტირიან“. გრძნობების გამოხატვის აკრძალვა, ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, ასევე არ არის სასარგებლო ბავშვის ემოციური განვითარებისთვის. გოგონებს კი ამავე სტერეოტიპების ზეგავლენით, ხშირად ოჯახი მემკვიდრეობის გარეშე ტოვებს და ამით გოგონას საკუთრების უფლებას არღვევს.
სტერეოტიპები ჩვენი არასწორი შეხედულებებიდან და წარმოდგენებიდან გამომდინარეობს, რომელიც აღზრდის პროცესში გადმოგვეცა.