მედია ზოგჯერ არ არის ზუსტად ისეთი, როგორად ყოფნასაც მას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი ავალდებულებს. ხდება ისეც, რომ ჟურნალისტები და რედაქტორები პოლიტიკური ან სხვა ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცევიან, მათ ინტერესებს გამოხატავენ, საზოგადოებაზე ზემოქმედების შესაძლებლობით ბოროტად სარგებლობენ და პროპაგანდას[NG2] ეწევიან. ასეთი მედია მიკერძოებული მედიაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მოეთხოვებათ ჟურნალისტებს, ვის სამსახურში უნდა იდგნენ ისინი და უდავო ჭეშმარიტებად ნუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც მედია მოგვითხრობს. ჟურნალისტების ნამუშევარს ჩვენც ჟურნალისტური თვალით უნდა შევხედოთ - მოვისმინოთ, გადავამოწმოთ და დასკვნები თავად გამოვიტანოთ. ჩვენს ნდობას მედიასაშუალება სწორედ მას შემდეგ მოიპოვებს, რაც დრო გვიჩვენებს, რომ ის კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ საქმესა და საზოგადოებას.