მედია იმ ამბებით საზრდოობს, რომელიც ჩვენ გვეხება და ჩვენს გარშემო ხდება. ხშირად ჟურნალისტები მოქალაქეებისგან იგებენ იმ ამბებს, რომელსაც მერე სატელევიზიოდ ან საგაზეთოდ ამზადებენ. ხშირად საზოგადოება და ჟურნალისტები ერთად მუშაობენ აუცილებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მოქალაქეს თავადაც შეუძლია საჯარო უწყებებიდან გამოითხოვოს მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია და თუკი საჭიროდ ჩათვლის, მიაწოდოს მედიას. მოქალაქეს ასევე შეუძლია, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით შეატყობინოს მედიას ის ამბავი, რომელიც მას თავად აღელვებს, ან რომლის თვითმხილველიც გახდა. მაგალითად, თუ თქვენს სოფელში, ქალაქში ან, უბრალოდ, თემში მომზადდა პეტიცია , რომლითაც მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, იგივე წერილი შეგიძლიათ, გაუგზავნოთ ან მიიტანოთ ადგილობრივი მედიასაშუალების რედაქციაში და პეტიციაში გაცხადებული თხოვნის შესრულებაზე კონტროლი სთხოვოთ მათ. პროცესში ჟურნალისტების ჩართვით, თქვენ კონტროლის დამატებით მექანიზმს შეიძენთ.
თანამედროვე ეპოქაში ადამიანი ხშირად თვითონაც ხდება მოქალაქე ჟურნალისტი და ქმნის ახალ ამბავს, წერს, იღებს და ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს ან უკვე მზა მასალას აწვდის მედიასაშუალებას.
ერთი სიტყვით, ჩვენ, მოქალაქეები, ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის წყაროც ვართ და ადრესატიც. ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით მედიას, ჟურნალისტები კი საპასუხოდ გვატყობინებენ ამბავს, რას აკეთებს ხელისუფლება ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. დემოკრატიულ მმართველობას საზოგადოება სწორედ ამგვარად, მედიის დახმარებითა და ხელისუფლების კონტროლის გზით ახორციელებს.
გაგრძელება