მედიას განსაკუთრებული როლი აქვს როგორც სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეშიც. სწორედ მედია ხდება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პერიოდი დგება. არჩევნების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები მოიპოვებენ და საზოგადოებას აწვდიან. მედია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული ამა თუ იმ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პროგრამებისა და მიზნების, ან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; მედია ასევე უზრუნველყოფს დებატებს პოლიტიკურ და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, რაც, ერთი მხრივ, სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება ამომრჩეველს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ქვეყანაში.
არჩევნების გაშუქებისას განსაკუთრებულ მისიასთან ერთად მედიას დამატებითი ვალდებულებებიც უჩნდება - მან მაქსიმალურად თანაბრად და ობიექტურად უნდა დაანახოს საზოგადოებას პოლიტიკური პროცესი, არჩევნების მიმდინარეობა, კანდიდატებისა და მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიზნები. ამ მხრივ კერძო, კომერციულ არხებზე მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, რომელიც მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება და საზოგადოების ყველა ფენაზეა ორიენტირებული.
კერძო არხებისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტელევიზია არც რეკლამასა და შემოსავლების მიღებაზეა მიმართული, ამიტომაც ის ვალდებულია, საკუთარი გადაცემებით უპასუხოს ხალხის საჭიროებებს და არა რეკლამის შემკვეთთა, ან საზოგადოების ვიწრო ჯგუფის ინტერესებს.
საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი 2004 წელს, „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეიქმნა. ამ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი; ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; არ ექვემდებარება არც ხელისუფლებას და არც რომელიმე საჯარო უწყებას; აუდიტორიას საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად აწვდის მრავალფეროვან გადაცემებს.
2004 წლამდე საქართველოში არსებობდა სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია, რომელმაც რადიო მაუწყებლობა 1925 წლიდან დაიწყო, სატელევიზიო მაუწყებლობა კი - 1956 წლიდან. 2004 წელს მის ბაზაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, 2013 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლობა ქვეყანაში სამი სატელევიზიო (პირველი არხი, მეორე არხი, აჭარის ტელევიზია) და სამი რადიო (საზოგადოებრივი რადიო 1 და საზოგადოებრივი რადიო 2, რადიო აჭარა) არხით ხორციელდება.