მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები

რა არის ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მედიას შეუძლია იყოს თავისუფალი და, ამავე დროს, საკუთარი უზარმაზარი გავლენა ხალხის საზიანოდ არ გამოიყენოს?
ამ პრობლემის გადაჭრის გზად მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები მიიჩნევა. პროფესიული და ეთიკური სტანდარტი მედიას ავალდებულებს, ჯეროვნად გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას აწვდის; საზოგადოებას უთხრას სიმართლე და არ გაავრცელოს სიცრუე; ერთმანეთისგან გამიჯნოს ფაქტი და მოსაზრება; დაიცვას ადამიანის უფლებები; ხელი არ შეუწყოს სხვადასხვა ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას; არ გამოიყენოს სიძულვილის ენა; არ შეიჭრას პიროვნების პირად ცხოვრებაში; უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს; არ მიიღოს რაიმე მატერიალური ან სხვა სახის სარგებელი მის საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მიზნით; ერთმანეთში არ აურიოს სარედაქციო და სარეკლამო მასალები, იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, დროულად შეასწოროს საკუთარი შეცდომა და სხვ.
ეს არის წესები, რომელსაც თავად ჟურნალისტები ქმნიან და იცავენ და თავადვე აკონტროლებენ ამ სტანდარტების შესრულებას. ამაში კი მათ ისევ და ისევ საზოგადოება ეხმარება, საზოგადოება, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს მედიის შეცდომებს, მუდმივად მიუთითებს მას და ამ გზით ეხმარება ჟურნალისტებს, უკეთესები გახდნენ.
ეს პროცესი, ანუ მედიის თვითრეგულირება არ გულისხმობს რაიმე[NG1]  სასჯელს ან სანქციას ჟურნალისტებისთვის, არამედ გულისხმობს დაშვებული შეცდომის გასწორებას, საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშის მოხდას და საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებას სამომავლოდ.