მელიორაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტში 2016 წელს შეიქმნა პროექტი, რომელიც ურაველის ხეობის ექვსი სოფლის მიწების სარწყავი სისტემით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ახალციხის წყალმომარაგების ძველ სისტემაში წყლის თვითდინებით მიწოდება დაიგეგმა. ეს სისტემა (7 კმ. სიგრძის მილი) სარემონტო იყო და, ამავე დროს, ეკუთვნოდა არა მუნიციპალიტეტს, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა სისტემის შესაკეთებელი თავისუფალი თანხები და არც არხზე სამუშაოების ჩატარების უფლება. 2017 წელს ახალციხის თვითმმართველობამ მოლაპარაკებები დაიწყო ეკონომიკის სამინისტროსთან მუნიციპალიტეტისათვის არხის გადაცემის თაობაზე. ამასთანავე, თანხების მოძიების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, პროექტი შეიტანა იაპონიის საელჩოში. 2017 წლის ზაფხულში ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული არხი ახალციხის მუნიციპალიტეტს გადასცა, ხოლო შემოდგომაზე იაპონიის საელჩომ არხის აღდგენის პროექტი დააფინანსა.2018 წლის გაზაფხულზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. არხი ექვს სოფელს მოემსახურება და 250-300 ჰა მიწის ფართობს მინიმალურ ფასად გაასარწყავიანებს.