დასუფთავება და მყარი ნარჩენების გატანა
2017 წელს მაღალმთიანი აჭარის სამმა მუნიციპალიტეტმა (ქედა, შუახევი, ხულო) „მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრი“ დააფუძნა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტების შეზღუდული რესურსების გაერთიანება იყო საერთო საქმიანობისთვის. ახალმა ორგანიზაციამ, პირველ ეტაპზე, სამ მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ანალიზი გააკეთა და მისი გატანის ოპტიმალური სქემები მოამზადა. ამ სქემების მიხედვით მოსახლეობისა და დაწესებულებების საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ნაგავსაყრელებზე განთავსება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოხდება. ეს მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო ქალაქებსა და დაბებში, არამედ ყველაზე შორეულ მაღალმთიან სოფლებშიც კი. ამ საქმის კიდევ ერთი დადებითი ასპექტი გახლდათ ის, რომ თვითმმართველობებს საუკეთესო ევროპელი სპეციალისტები ეხმარებოდნენ. საქმიანობის მთელი ხარჯი კი დაიფარა არა მუნიციპალიტეტების ისედაც მცირე ბიუჯეტებიდან ან აღებული სესხებით, არამედ ევროკავშირის გრანტით და ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეს ერთი თეთრიც არ დაუჯდა.