ახალგაზრდული ცენტრი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ჯგუფს სურვილი ჰქონდა, წვლილი შეეტანა თავისი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, გაეაქტიურებინა თანატოლები, დაეგეგმა და განეხორციელებინა აქტივობები, თეთრიწყარო საინტერესო და მიმზიდველი გაეხადა ახალგაზრდებისთვის. თავდაპირველად მათ კონსულტაციები და ტრენინგები გაიარეს თბილისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“. ორგანიზაციამ უკვე მოიპოვა რამდენიმე მცირე გრანტი. ცენტრმა მუნიციპალიტეტს თხოვნით მიმართა ორგანიზაციისთვის ფართის გამოყოფის შესახებ. 2017 წელს თვითმმართველობამ განიხილა საკითხი და კანონის შესაბამისად, ორი წლით, გაგრძელების პერსპექტივით, ორგანიზაციას გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული უძრავი ქონება - ყოფილი სასამართლოს შენობა. ორგანიზაციის წევრებმა და მოხალისეებმა დაასუფთავეს შენობა და ჩაატარეს შიდა რემონტი. ამჟამად აქ უკვე ხორციელდება რამდენიმე ახალგაზრდული, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა და იგეგმება ახალი საქმიანობებიც.