მერაბ კოსტავა
საქართველოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ არაძალადობრივი პროტესტის გზებით მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში.
მერაბ კოსტავამ, თავის თანამებრძოლებთან ერთად, პირველი პატრიოტული არალეგალური ორგანიზაცია „გორგასალი“ დააარსა. ორგანიზაციის წევრები მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლებით საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ამის გამო მეათე კლასის მოსწავლე დააპატიმრეს, მაგრამ როგორც არასრულწლოვანი, 6 თვის შემდეგ პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
1972 წელს მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. მის წინააღმდეგ არ წყდებოდა რეპრესიები. მან 10 წელი გადასახლებაში, საპყრობილეში გაატარა. მის დაბრუნებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა. ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი პროცესი გახდა.
მერაბ კოსტავა 1987-1989 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. იგი მშვიდობისათვის, არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ქართველი ხალხის, საზოგადოების გამთლიანებისათვის იბრძოდა.
მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა.
1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
მერაბ კოსტავას მოღვაწეობის ძირითადი პრინციპი იყო: სამართლიანობა, ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდი, შედეგის მისაღწევად საზოგადოების გამთლიანება, პიროვნების შინაგანი თავისუფლება.