პროექტზე მუშაობა ‐ V საფეხური: პროექტის წერა

მეხუთე საფეხურის აღწერა:

თქვენ უკვე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია დაგიგროვდათ საპროექტო წინადადებისთვის შერჩეული პრობლემის შესახებ. პროექტზე მუშაობის ამ საფეხურზე უნდა დაიწყოთ დაგროვილი ინფორმაციის, პორტფოლიოს გამოყენებით პროექტის წერა.

ისევ დაიყავით ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა იმუშავეთ პორტფოლიოს ერთ ნაწილზე. ეს ნაწილები უნდა იყოს თქვენ მიერ ჩატარებული სამუშაოს ამსახველი და უნდა წარმოადგენდეს პროექტის განვითარების იმ კომპონენტს, რომელზეც თქვენმა ჯგუფმა იმუშავა.

პორტფოლიოს დაურთეთ თქვენ მიერ მოძიებული მასალა, ასევე, ფოტოები, ჩანაწერები და სხვა ტიპის ნამუშევრები.

გაითვალისწინეთ, რომ დაინტერესებული პირი, პორტფოლიოს გაცნობის შემდეგ, სრულად უნდა ფლობდეს ინფორმაციას შერჩეული პრობლემის და მისი გადაჭრის გზების შესახებ. პორტფოლიო შეიძლება მოიცავდეს როგორც ელექტრონულ რესურსს, ასევე ბეჭდურ მასალასა და მოსწავლის ხელნაწერს.

პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები

იმისათვის, რომ შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი პორტფოლიო კარგად ორგანიზებული, მიმართეთ ერთმანეთს შეკითხვებით:

  • მოიცავს თუ არა თქვენი პორტფოლიო დეტალურ ინფორმაციას პრობლემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ?
  • ხომ არ არის თქვენს პორტფოლიოში ზედმეტი ინფორმაცია?
  • არის თუ არა თქვენი პორტფოლიო გასაგებად დაწერილი? გრამატიკულად და ორთოგრაფიულად გამართული?
  • არის თუ არა არგუმენტები და საკითხები ნათლად ჩამოყალიბებული?
  • არის თუ არა მოყვანილი ინფორმაცია ზუსტი?
  • პასუხობს თუ არა ეს ინფორმაცია მთავარ საკითხებს?
  • დაეხმარება თუ არა მკითხველს ეს ინფორმაცია პრობლემის არსის გააზრებაში?