მარტინ ლუთერ კინგი
დაიბადა 1929 წ. 15 იანვარს ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, აშშ), შავკანიანთა ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მონობა აშშ-ში კარგა ხნის გაუქმებული იყო, შავკანიანი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებასა და დისკრიმინაციას განიცდიდა. კინგი გახლდათ რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მას სურდა თანასწორობის მშვიდობიანი გზით მიღწევა. მისი არაძალადობრივი ქმედებების – მშვიდობიანი მსვლელობების, ეკონომიკური ბოიკოტების, მასობრივი გამოსვლების შედეგად, აშშ-ის კონგრესმა მიიღო აქტი უფლებების შესახებ.
მარტინ ლუთერ კინგს ღრმად სწამდა, რომ ძალმომრეობას და სიძულვილს შემწყნარებლობა და სიყვარული დაამარცხებდა. სწორედ ამ პრინციპს ემყარებოდა მისი პოლიტიკური ბრძოლის სამოქმედო გეგმა.
- არც ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი არ უნდა იყენებდეს ძალადობას სამართლიანობის აღსადგენად, რადგანაც არსებობს მეორე, ალტერნატიული გზა.
- რა არის მოქმედება ძალადობის გარეშე? მთავარი მახასიათებელი – არასოდეს დაამცირო მოწინააღმდეგე, არ ეცადო მის განადგურებას, მოიპოვე მისი სიყვარული, გაგება და პატივისცემა.
- ამ პოლიტიკის მიზანია, მოქმედება მიმართული იყოს არა კონკრეტული ადამიანების, არამედ იმ ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლნიც ეს ადამიანები არიან.
- ამ პოლიტიკის მთავარი პრინციპია, გაიაზრო სხვათა მწუხარება, არ უპასუხო ძალადობას ძალადობით და არ იფიქრო შურისძიებაზე.
- მოქმედება ძალადობის გარეშე გამორიცხავს არა მხოლოდ გარეგან და ფიზიკურ ძალადობას, არამედ შინაგან ძალმომრეობასაც ადამიანის სულსა და გონებაზე;
- ეს პოლიტიკა ეფუძნება რწმენას, რომ მსოფლიო წესრიგი ეფუძნება სამართლიანობას. ეს კი ნათელი მომავლის რწმენას იძლევა.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლამ კულმინაციას მიაღწია.
1963 წელს ვაშინგტონში 300 000 ადამიანმა გამართა მშვიდობიანი მსვლელობა. მიტინგზე მთელი დღე ისმოდა სიმღერები, გამოდიოდნენ სიტყვით. მიტინგის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა.