ვაცლავ ჰაველი – ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი დაიბადა 1936 წელს. იგი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი გახლდათ.
ჰაველის 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა, მათ შორის იყო ქვეყნის განვითარების დემოკრატიული გზის არჩევა, სლოვაკეთისაგან გამოყოფა, ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება და სხვა. როდესაც სლოვაკეთმაც (სლოვაკები და ჩეხები ერთ ქვეყანაში, ჩეხოსლოვაკიაში, ცხოვრობდნენ) დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჰაველმა თქვა, რომ სამწუხარო იყო, სლოვაკებს მათთან ერთად [ჩეხებთან] ცხოვრება რომ აღარ სურდათ, მაგრამ რაკი ეს ნება სლოვაკმა ხალხმა რეფერენდუმით გამოხატა, ჩეხები მათ [სლოვაკთა] ნებას უნდა დამორჩილებოდნენ. ამის გამო ჰაველი ბევრმა გააკრიტიკა, ჩეხოსლოვაკიის დაშლაში სდებდნენ ბრალს, მაგრამ გავიდა დრო და აღიარეს, რომ ჰაველი სწორად მოიქცა, მან ქვეყანას სისხლისმღვრელი ომი ააცილა თავიდან. ყოველივე ეს მოხდა1989 წელს. ვაცლავ ჰაველის მეთაურობით, ჩეხებმა აღმოსავლეთ ევროპაში პირველებმა, „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეშვეობით, დაამარცხეს საბჭოთა რეჟიმი.
ჩეხოსლოვაკიის მსგავსად, „ხავერდოვანი რევოლუციების“ ტალღამ გადაუარა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც (პოლონეთი, უნგრეთი). ამგვარივე „უსისხლო“ მეთოდით დასრულდა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რეჟიმიც (2003 წელი – „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში; 2004 წელი – „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში; 2005 წელი – „ტიტების რევოლუცია“ ყირგიზეთში).