მოქალაქე, სახელმწიფო და ხელისუფლება

პიროვნების უფლებები და თავისუფლებები ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს, ისინი იმიტომ გააჩნია პიროვნებას, რომ ადამიანია. რაც შეეხება მოვალეობებს, პიროვნებას ისინი აკისრია სახელმწიფოს წინაშე. მათი შეუსრულებლობისათვის სახელმწიფოს შეუძლია, დასაჯოს მოქალაქე.

ამრიგად, სახელმწიფო ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ ემსახუროს ხალხს და არა პირიქით – ხალხი ემსახუროს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი პრინციპი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი არის ქვეყნის მოქალაქეების (და არა სუბიექტების) ერთობლიობა. ამდენად, სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ხოლო, თავის მხრივ, მოქალაქეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რომლებიც საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ აკისრიათ. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით და თავისუფლებით, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.