მას შემდეგ, რაც კომისია დაკომპლექტდება და თავმჯდომარესა და მდივანს აირჩევენ, იწყება საარჩევნო სიებზე მუშაობა. იმისდა მიუხედავად, რომელ მოდელს იყენებს სკოლა არჩევნების ორგანიზებისთვის, ყოველი კლასის სია შედგება ცალ-ცალკე. კლასის საარჩევნო სიას საფუძვლად უდევს საკლასო ჟურნალი. სიის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის კომისიამ უნდა შეამოწმოს, ხომ არ გადავიდა კლასიდან, ან გადმოვიდა კლასში რომელიმე მოსწავლე ისე, რომ ეს არ ასახულა საკლასო ჟურნალში. დაზუსტებულ სიას ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და შედგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, გამოაკრავენ სკოლაში თვალსაჩინო ადგილას. სასურველია, რომ სკოლის დირექციამ გამოყოს საარჩევნო განცხადებების დაფა, სადაც შესაძლებელი იქნება, გამოიკრას ყველა კლასის საარჩევნო სია. შემდგომში ამავე დაფაზე განთავსდება არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.