დამკვირვებლები არიან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან, რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ ტარდება არჩევნები. სკოლებში დამკვირვებლებად შეიძლება მოვიწვიოთ არასამთავრობო ორგანიზაციები. დამკვირვებლობის მსურველმა ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიას. კომისია მათ გაატარებს რეგისტრაციაში (ორგანიზაციის დასახელებას და დამკვირვებელთა მონაცემებს შეიტანს საარჩევნო ჟურნალში) და გადასცემს სამკერდე ნიშნებს წარწერით – „დამკვირვებელი“. ერთ კომისიაში დამკვირვებლად რეგისტრაცია ავტომატურად აძლევს დამკვირვებელს უფლებას იმავე სკოლის სხვა კლასებში განახორციელოს დაკვირვება. დამკვირვებლებს უფლება აქვთ, საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითონ დარღვევებზე, დაწერონ საჩივრები საარჩევნო პროცედურების დარღვევის შესახებ და დაარეგისტრირონ იგი საარჩევნო ჟურნალში, მაგრამ უფლება არ აქვთ, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობას.