თქვენ შეგიძლიათ კლუბის შექმნა რომელიმე კონკრეტული საპროექტო ჯგუფის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა საპროექტო ჯგუფის გაერთიანება, ან სულაც, მათი ინდივიდუალური ინტერესების გაერთიანებით შექმნა.
პირველ ეტაპზე თქვენ უნდა შეძლოთ ინტერესების გამოკვეთა და დაჯგუფება, თუ რა კლუბების შექმნას უხელმძღვანელებდით/მიიღებდით მონაწილეობას მის შექმნაში, ან უბრალოდ ჩაერთვებოდით მის მუშაობაში.
უნდა დაიწყოთ კლუბის/ორგანიზაციის მომავლის ხედვის/კონცეფციისა და მისიის ფორმირება. კონკრეტულ ჯგუფში რაიმე კონკრეტული საკითხის/პრობლემის ირგვლივ თქვენი გაერთიანების მოტივი არის, შეცვალოთ ის სურათი/მდგომარეობა, რომელიც არ გაკმაყოფილებთ და მიგაჩნიათ, რომ ერთობლივად, ძალების/რესურსების გაერთიანებით ამას უფრო ეფექტურად შეასრულებთ. ამდენად, თქვენ წინაშე დგას გამოწვევა, ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომლის ფარგლებშიც წევრებს შორის ფუნქციები გადანაწილებულია, გავლილია დამკვიდრების პროცესი და ლიდერი გამოკვეთილია, არსებობს სამუშაოს შესრულებისათვის მზაობა და ეფექტურად ხდება შედეგების შეფასება. ხედვისა და მისიის ფორმირებით, თქვენ ერთგვარად უნდა გაამართლოთ თქვენი ორგანიზაციის შექმნა/არსებობა, რისთვის არსებობს ის და რა არის მისი უშუალო საქმე.
მისიის განცხადება პასუხობს შემდეგ კითხვას: რისთვის არსებობს ორგანიზაცია/კლუბი? რა შეიძლება გააკეთოს მან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს იმ იდეალური სამყაროს შექმნას, რომელიც მომავლის ხედვაშია აღწერილი; როგორ შეიძლება რომ ეს გაკეთდეს – მისიაში მოცემულია ორგანიზაციის შეხედულება ამ საკითხებზე. ის ასახავს ორგანიზაციის ძირითად, გრძელვადიან მიზნებს, ღირებულებებს და იმ ძირითად მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავს სამიზნე პრობლემ(ებ)ის გადაჭრას.
ხედვისა და მისიის ფორმირების შემდეგ თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ და რა გზით აპირებთ ამას. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩამოყალიბდეთ კლუბის შინაგანაწესის სტრუქტურასა და მის ძირითად პოსტულატებზე.