ადვოკატირება და ლობირება

თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარი ხედვის ლობირებაზე და უნდა დაგეგმოთ შესაბამისი ადვოკატირების კამპანია, რომლის ფარგლებშიც უნდა განსაზღვროთ თქვენი კამპანიის სამიზნე აუდიტორია, ანუ ის პიროვნებები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენას ცდილობთ, ამ შემთხვევაში ასეთი პირები შეიძლება იყვნენ სკოლის დირექციის და/ან სამეურვეო საბჭოს წევრები. გახსოვდეთ, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ თქვენს ინიციატივას.

ამავდროულად, სამიზნე აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენისათვის თქვენ დაგჭირდებათ ერთგვარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რისთვისაც შესაძლოა შექმნათ ე.წ. ალიანსები იმ პიროვნებებთან, ინტერესთა ჯგუფებთან, რომელთაც ექნებათ ნება, მხარი დაუჭირონ იმავე პრობლემის მოგვარებას, რომელზეც თქვენ მუშაობთ.

თქვენი კამპანიის შესახებ სათანადო აუდიტორიის ეფექტურად ინფორმირების მიზნით, უნდა შეიმუშაოთ შეტყობინება/სლოგანი, რომლის საშუალებითაც მკაფიოდ გამოხატავთ, რის მიღწევა გსურთ, რატომ გსურთ ამის მიღწევა, როგორ სთავაზობთ ამის მიღწევას და რა ქმედებისაკენ მოუწოდებთ აუდიტორიას. სლოგანი უნდა იყოს მოკლე და ნათელი, ზუსტი და მძლავრი, დამაჯერებელი, ადვილად დასამახსოვრებელი და მიზანმიმართული. ასევე, შეიძლება შეიმუშაოთ კამპანიის ლოგო.

შეტყობინების შექმნის შემდეგ განსაზღვრეთ, თუ რა გზით მიაწვდით მას სამიზნე აუდიტორიას, ეს იქნება პრესკონფერენცია, შეხვედრები, შეკრებები, სკოლის გაზეთი, ვებგვერდი, სკოლის რადიო (ასეთების არსებობის შემთხვევაში) თუ სხვა.