მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობის რეგულაცია

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობა საჭიროა რეგულირდებოდეს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების გატარებით შემუშავებული და მოსწავლეთა საერთო კრებაზე დამტკიცებული დებულებით/წესდებით.

მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება კონკრეტული სკოლის შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღება, არ არსებობს რაიმე უნივერსალური ან სავალდებულო სტანდარტული მოდელი და ნიმუში. ასეთი ცენტრალიზებული რეგლამენტის არარსებობის მიუხედავად, ალბათ, შესაძლებელია, ჩამოვაყალიბოთ ის მოთხოვნები, რომლებსაც ხარისხიანი დებულება უნდა აკმაყოფილებდეს.

დებულებისათვის მინიმალური მოთხოვნები შეიძლება იყოს შემდეგი: ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სკოლის დასახელების, დებულების შემუშავების სამართლებრივი საფუძვლებისა და წინაპირობების, მისი მიღების წესის, წევრობის, წევრობის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის, მართვის მექანიზმების, სტრუქტურის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ადამიანური და ფინანასური რესურსების მართვის, წესდებაში ცვლილებების შეტანის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.

პრაქტიკაში მოსწავლეთა თვითმმართველობის, კლუბებისა თუ სხვა გაერთიანებების დებულებაზე მუშაობის პროცესში სხვათა გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეგიძლიათ შეისწავლოთ სკოლების ვებგვერდები და გაეცნოთ სხვადასხვა ალტერნატივას.