მოსწავლეებს, ასევე მშობლებსა და მასწავლებლებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე აქვთ სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას.
გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 15, პუნქტი 1, 2, 3).
გაერთიანების თავისუფლება
მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მათი გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება. მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ კანონით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 8, პუნქტი 1, მუხლი 16, პუნქტი 1, 2, 3).