მოსწავლეს (ასევე მშობელსა და მასწავლებელს) უფლება აქვს საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 14, პუნქტი 4).
ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 13).
სკოლის მიერ ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
სკოლა ვალდებულია, დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 13/5,6).