მოსწავლეთა დამატებითი/სპეციფიკური საჭიროებები

მოსწავლეთა უფლებების ჩამონათვალში ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად არის სპეციფიკური ხასიათის საჭიროებების დაკმაყოფილებისაკენ მიმართული გარანტიები, მათ შორის, არის მოსწავლეთა უზრუნველყოფა პანსიონის ტიპის სასწავლებლებით, სადაც მოსწავლეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებელი პირობებით, მკურნალობით და კვებით (საჯარო სკოლის წესდება, მუხლი 23). თუ მოსწავლეებს ასეთი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის გამო ხელი ეშლებათ განათლების მიღების უფლების რეალიზებაში, მათ შეუძლიათ ეს საკითხი დააყენონ არა მარტო სკოლის ხელმძღვანელობის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წინაშეც, მიმართონ სამეურვეო საბჭოში ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს. 

მოსწავლეთა დამატებითი/სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში არსებობს სკოლები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას (საჯარო სკოლის წესდება, მუხლი 24).