ინფორმაციის საჯაროობა და საჯარო ინფორმაცია

სკოლის დემოკრატიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა და, ამავდროულად, შედეგი არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დამკვიდრება, რისი მიღწევაც საჯარო ინფორმაციის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია. სკოლაში ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის მოთხოვნაა, რომელიც საჯარო სკოლასაც ეხება: ნებისმიერ ადამიანს, მოტივისა და დასაბუთების გარეშე, შეუძლია სკოლიდან, როგორც ადმინისტრაციული ორგანოდან, გამოითხოვოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია.

 

გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში თავმოყრილი ნებისმიერი ინფორმაცია არ არის საჯარო. საჯარო ინფორმაციის სახეები ჩამოთვლილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლში.

კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ნებისმიერ პირზე, სათანადო პროცედურების დაცვის პირობით გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, მაგრამ გარკვეული ფაქტორების შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 დღეა.

საჯარო სკოლის დირექტორი ვალდებულია, ოფიციალურად დანიშნოს სკოლაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი და, ასევე, ვალდებულია, განსაზღვროს სკოლაში საჯარო ინფორმაციის ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ოფიციალური ინფორმაციის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) საჯაროდ გამოცხადება. ეს ადგილი უნდა იყოს ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი.