სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების განაწილების მკაფიო გამოვლინების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საბიუჯეტო პროცესში ფუნქციების განაწილების მექანიზმი, კერძოდ, სკოლის ბიუჯეტის სამუშაო ვერსიას შეიმუშავებს სკოლის დირექტორი, ხოლო მისი დამტკიცება სამეურვეო საბჭოს ფუნქციაა. დამტკიცებული ბიუჯეტის განხორციელება სკოლის დირექტორის ფუნქციაა, მაგრამ ამ პროცესის შეფასებას სამეურვეო საბჭო ახდენს.
დიაგრამა 2
ფინანსების მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოსათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების მინიჭება არის მცდელობა, სკოლის მართვის პროცესში ბიუროკრატიული კონტროლი ნაწილობრივ ჩანაცვლდეს საზოგადოებრივი კონტროლით. სწორედ მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქველმოქმედების გამწევთა წარმომადგენლების ჩართვა სამეურვეო საბჭოს მუშაობაში უზრუნველყოფს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე საჯარო სკოლების მართვას, რაც, ასევე კანონის მოთხოვნაა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 35, პუნქტი 4).