ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ვის ევალება ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ?
ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა (ადგილობრივი სამსახური) თუ საპატრულო პოლიციას. თუმცა, მიმართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.
ვის უნდა მიმართოთ ბავშვზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში?
ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის ან ფაქტის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებას წერილობით, დარეკოთ ცხელ ხაზზე 1505, ან დაუკავშირდეთ პოლიციას ნომერზე 112.
რა შეიძლება იყოს ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო ?
ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ერთ-ერთი:
- ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, შეშუპებული სხეულის ნაწილები, მოტეხილობები);
- ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).