იმისათვის, რომ მოსწავლემ თავისუფლად შეძლოს თავისი, თუნდაც განსხვავებული აზრის დაფიქსირება, საჭიროა, სკოლაში ძალადობისგან თავისუფალი გარემო იყოს. ძალადობა მრავალი სახისაა, იგი შესაძლებელია, გამოიხატოს ფიზიკურ ძალადობაში, ვერბალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ბულინგში, დაცინვაში, შევიწროვებაში და სხვა ფორმებში.
მოსწავლეებს, ბუნებრივია, გსურთ, რომ თქვენს გარემოში უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ თავი; დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს აზრს პატივს სცემენ როგორც უფროსები, ისე თქვენი თანატოლები. ასევე თავადაც უნდა გამოხატოთ პატივისცემა სხვების საქმისა და ნააზრევის მიმართ.
როდესაც მოსწავლეთა თვითმმართველობის პროცესში ჩაებმებით, გაითვალისწინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის, განსხვავებულის პატივისცემა და ყველას ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობებში. თვითმმართველობა და თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა ხომ დემოკრატიის განვითარების მნიშვნელოვანი პროცესებია. გახსოვდეთ, რომ ემოციური და ფიზიკური ძალადობისგან დაცული გარემო თქვენ საშუალებას მოგცემთ წარმატებით ჩაერთოთ სკოლის თვითმმართველობის პროცესებში.
იმ შემთხვევებში, როდესაც, სამწუხაროდ, მაინც ხდება ძალადობა სკოლაში, მოსწავლეებს შორის ან უფროსისგან მოსწავლის მიმართ, საჭიროა, ამოქმედდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს შემუშავებული ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმი. აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ან შეესწრება მოსწავლის მიმართ ძალადობის გამოვლენას, ვალდებულია, აღნიშნული შემთხვევის შესახებ შეატყობინოს პასუხისმგებელ პირებს (მასწავლებელს, პოლიციელს და სხვა). ისინი ვალდებულნი არიან, ყურადღებით შეისწავლონ სიტუაცია და ბავშვი ძალადობისგან დაიცვან. აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება ვრცელდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ამ შემთხვევაშიც მოსწავლემ დახმარებისთვის იმავე პასუხისმგებელ პირებს უნდა მიმართოს.