საბას შემთხვევა (გაგრძელება)

შეფასების შედეგებზე დაყრდნობით სკოლაში შემუშავდა გეგმა:

თანაკლასელების მომზადება: საბას მშობელმა საბას აქტიური მონაწილეობით სლაიდებისა და ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოამზადა, რომელიც საბას ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდს ასახავდა. პრეზენტაციაში მის მიერ შესრულებული სცენური როლებიც იყო წარმოდგენილი. რგოლის დასაწყისში საბა თავად ეცნობოდა აუდიტორიას, საუბრობდა საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე;

ფიზიკური გარემოს მომზადება: იმისათვის, რომ საბას სკოლის გარემოში ორიენტაცია გაადვილებოდა, საჭირო სართულისა და კაბინეტისთვის მიეგნო, ყოველ სართულზე დიდად დაიწერა შესაბამისი ციფრი; 

საბას მომზადება: სკოლაში სიარულის დაწყებამდე საბას საორიენტაციო შეხვედრა ჩაუტარდა. პირველი ვიზიტი ახალი გარემოს გაცნობას და მასთან ადაპტირებას გულისხმობდა;

სასწავლო პროცესის განსაზღვრა: საბასთვის გაკვეთილებზე დასწრებისა და სასწავლო პროგრამის ინდივიდუალური განრიგი შედგა. ამასთან, რესურს-ოთახში განსახორციელებელი დამატებითი სამუშაო დრო დაიგეგმა;

შედეგები:

- საბას საკმაოდ კეთილგანწყობილი კლასი დახვდა, პირველ ეტაპზე, ისინი კლასიდან კლასში გადასვლაში ეხმარებოდნენ. მოკლე დროში საბა სკოლის გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირებას მიეჩვია;

- სასწავლო წლის განმავლობაში მშობელი აქტიურად თანამშრომლობდა სკოლის მასწავლებელთან, ეხმარებოდა გაკვეთილის მასალის ადაპტირებასა და თვალსაჩინოების მომზადებაში;

- საბამ საკმაოდ წარმატებულად დახურა სასწავლო წელი და შემდეგ კლასში გადავიდა.