მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდული პრესა სავსეა ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძისადმი მიძღვნილი ლექსებითა და მის შემოქმედებაზე გამოხმაურებებით. ყოველ მათგანში გამოთქმულია აღფრთოვანება დავით ერისთავისა და ნინო ამილახვრის ასულის გამბედაობით - საჯაროდ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ჩაერთოს მოდერნიზაციის მოძრაობაში.
მწერალი ქალი 1833 წელს დაიბადა. დედით დაობლებულს გამდელი გამოუძებნეს - დილავარდისა, რომელმაც პირველმა აზიარა იგი ცოდნის სამყაროს: სასულიერო წიგნები, ქართველთა საგმირო საქმეები, ანბანი და ცხადია - ქალიშვილთათვის აუცილებელი ხელსაქმე.
თორმეტი წლის ბარბარე გაათხოვეს. 1895 წელს გაზეთ “ივერიაში” მარიამ დემურია იგონებს ბარბარეს მონათხრობს: „საზოგადოთ იმ დროს ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონაო. როდესაც მღვდელი ქორწინების წესს ასრულებდა, ამ დროს ეკლესიაში ღამურა შემოფრინდა. დავინახე თუ არა ღამურა, მღვდელს ვუთხარი: მღვდელო, მღვდელო, შენი ჭირიმე, გაჩუმდი, მე მგონი, ჩემი იადონი შემოფრენილა და მინდა დავიჭიროვო“.
დაიწყო ზაქარია ჯორჯაძესთან თანაცხოვრება, რომელმაც მას სამი შვილი (ნოშრევანი, მიხეილი, მანანა) და „პრიკაზში“ დაგირავებული ქონება შესძინა. რომ არა ძმის, რაფიელის, თანადგომა, ბარბარეს ძალიან გაუჭირდებოდა ოჯახური პრობლემების მოგვარება და საზოგადოებრივი ასპარეზის შენარჩუნება.
„ცისკარი“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „ჯეჯილი“ - აი, სად პოულობდა მწერალი ქალი თავშესაფარს და სად ეწაფებოდა იგი შემეცნების სამყაროს: „...კნ. ბარბარე ჯორჯაძისა იყო შინაურ ოჯახში აღზრდილი, მაგრამ მისი მსჯელობა გააკვირვებდა ბევრს ევროპიელს სწავლით აღჭურვილს პირს...“ („კვალი“, 1895, #17).
ბარბარე ჯორჯაძე იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც გაბედა და 1861 წელს ქართული ენის მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძეს შეეკამათა: „უნივერსიტეტის დაცინებას მწამებთ“ (გვ. 65 დღნსდან/„ცისკარი“, 1861, სექტემბერი, გვ. 55-68).
1874 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბამ გამოსცა „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადი ცნობანი”, სადაც ბარბარე მკითხველს ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტებსა და მომზადების წესებს აცნობდა.
იხილეთ გაგრძელება შემდეგ გვერდზე