1. თავფურცელზე განათავსეთ წარდგენილი პროექტის სახელწოდება, პროექტის განხორციელებისათვის დათქმული ვადა და პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი.
2. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ მოიცავს პროექტში მონაწილე მთავარი მხარეების, ორგანიზაციების ან ფიზიკური პირების საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციას. ეს საინფორმაციო ბლოკი უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის დაფუძნების თარიღსა და მის მიერ განხორცილებულ იმ აქტივობებს, პროექტებს, რომელიც უშუალო კავშირშია წარდგენილ პროექტთან ან პროექტის რომელიმე კომპონენტთან. არ დაგავიწყდეთ თითოეული მხარის და ორგანიზაციის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. საკონტაქტო ინფორმაციაში მიეთითება საფოსტო და ელექტრონული მისამართი, ასევე, ტელეფონის და ფაქსის ნომრები. დღეისათვის ორგანიზაციების უმეტესობას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ან ბლოგი, რომელიც ასევე სასურველია, მიუთითოთ, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის განმხილველი დაწვრილებით ინფორმაციას სწორედ ამ რესურსებიდან მიიღებს. განაცხადის ამ ნაწილში აღწერეთ, თუ თითოეული პარტნიორი რა კონკრეტულ საქმიანობას და აქტივობას განახორციელებს.
3. პროექტის მოკლე შეჯამება ძირითადად მას შემდეგ იწერება, რაც საპროექტო განაცხადი დასრულებულია. ამ ნაწილში თქვენ უნდა შეაჯამოთ და ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბოთ პროექტის მიზანი, მიზნის განხორციელების ძირითადი გზები და მოსალოდნელი შედეგები. პროექტის მოკლე შეჯამება ისე უნდა ჩამოაყალიბოთ, რომ მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე, შეეცადეთ, მოკლედ აღწეროთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიღწევები.