4. პრობლემის/საჭიროებების აღწერა – ეს არის პროექტის განაცხადის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, სადაც თქვენ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ თვლით, რომ განაცხადში დასმული საკითხი პრობლემურია. ამ ნაწილის ჩამოყალიბებისას, შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი არგუმენტი, სტატისტიკური მონაცემი, თქვენი ან სხვათა დაკვირვებისა და კვლევის შედეგი მოიშველიოთ. გაეცით პასუხი კითხვებს: რატომ გაჩნდა ეს პრობლემა? რა წყაროებზე დაყრდნობით ასკვნით პრობლემურობას? გახსოვდეთ, პრობლემის დასმა უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, ობიექტურ მონაცემებს. ამ ნაწილის ჩამოყალიბებისას, ერიდეთ ისეთ მსჯელობებს, როგორებიცაა: ჩემი აზრით, ჩვენი დაკვირვებით. უმჯობესია: ზემოთ მოყვანილ მონაცემებზე, ფაქტებზე ან კვლევაზე დაყრდნობით პრობლემის დასაბუთება.
5. პროექტის დეტალური აღწერა – განაცხადში დასმული პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოყოთ ძირითადი და ქვეაქტივობები. თვალსაჩინოების მიზნით, ჩამოწერეთ ეს აქტივობები და შემდეგ მიუწერეთ თითოეულს ქვეაქტივობები. ამ ნაწილის მოსამზადებლად, თქვენ უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვებს: რა ღონისძიებები ხორციელდება? როდის, დროის ან პროექტის რომელ პერიოდში და რა სიხშირით ხორციელდება? სად ხორციელდება? ვინ ახორციელებს? ვინ არის პასუხისმგებელი პირი მათ განხორციელებაზე? თქვენთვის და სხვა მკითხველისთვის თვალსაჩინო რომ გახადოთ პროექტის აქტივობები და მისი შემადგენელი ინფორმაცია, შეგიძლიათ, სიტყვიერ აღწერილობას დაურთოთ გრაფიკული სურათები, ან ცხრილი, რომელსაც ხშირად ვარქმევთ პროექტის განხორციელების გრაფიკსაც. პროექტის დეტალური აღწერა, ძირითად და ქვეაქტივობებად დაშლა თქვენ გაგიადვილებთ, შემდგომში რეალისტური და კარგად გათვლილი ბიუჯეტი შეადგინოთ.
6. პროექტის განხორციელების გრაფიკი არის ცხრილის სახით წარმოდგენილი პროექტის მოქმედებების დეტალური, დროში გაწერილი გეგმა, კვირების, თვეების, კვარტლების და ხშირად წლების მიხედვით. გეგმა გვიჩვენებს, თუ რომელი აქტივობა დროის რა პერიოდში განხორციელდება. ამ გეგმაში ასევე შეგიძლიათ პატარა სამკუთხედით მიუთითოთ ის პერიოდი (თვე, კვირა), როცა პროექტში დაგეგმილი ძირითადი აქტივობის მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება მზად (ამ მონიშვნას ინგლისურად milestone ეძახიან, ანუ მილის სანიშნი ქვა, რაც ნიშნავს, რომ მთავარი შედეგი მიღწეულია, აქტივობების მთავარი წილი გავლილია).