საპროექტო განაცხადის ნაწილები 

7. ის პირები, რომლებიც პროექტისგან სარგებელს იღებენ (ბენეფიციარები) – ამ ნაწილში აღწერეთ, ვინ არიან ის ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს აღნიშნული პროექტი. შეეცადეთ, მიახლოებით, თუ ზუსტად არა, მიუთითოთ, რამდენი ადამიანი ისარგებლებს, ანდა რამდენ ადამიანზე გავრცელდება პროექტის შედეგი. შემდგომში, პროექტის წარმატების შეფასებისას, თქვენ გამოიყენებთ ამ მითითებას და აღნიშნავთ, შეძლო თუ არა თქვენმა პროექტმა სავარაუდოდ დათქმული რაოდენობის ადამიანს მომსახურებოდა. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ეს თქვენი პროექტის წარმატების ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება.

8. ბენეფიციარების დაყოფა – სასურველია, ბენეფიციარები დაყოთ კატეგორიების მიხედვით (მაგ., 30 პედაგოგი, 35 მშობელი, 10 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 100 თემის წარმომადგენელი და ა.შ.), რათა პროექტის შედეგების გავრცელების სურათი უფრო ნათელი იყოს, ხოლო წარმატება – კარგად გაზომვადი.

9. პროექტის შეფასება მოიცავს შეფასების კრიტერიუმებს, ანუ პროექტის ამ ნაწილში თქვენ აჩვენებთ, რითი გაზომავთ და როდის იტყვით, რომ პროექტი წარმატებულია. აქ თქვენ შეგიძლიათ, შეიმუშაოთ კითხვარი პროექტში ჩართული ყველა მონაწილისთვის. გამოკითხვა შეიძლება ჩაატაროთ პროექტის დასაწყისში და დასასრულს, ან გამოიკითხოთ შემთხვევითი შერჩევით პროექტის შესახებ საზოგადოების, პროექტით მოსარგებლე პირთა, ადგილობრივი თემის, ოჯახის წევრების აზრი პროექტის შედეგების მნიშვნელობის შესახებ.

10. პროექტის ბიუჯეტი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტის დეტალური აღწერიდან გამომდინარეობს. აქვე მიუთითეთ, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვთ დონორი ორგანიზაციისაგან და რა ოდენობის თანამონაწილეობას განახორციელებს განმცხადებელი (ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სახით, მაგ., პროექტის განმახორციელებლების მხრიდან უსასყიდლოდ შრომა პროექტისათვის, პროექტისათვის საკონფერენციო დარბაზისა თუ ტექნიკის უფასოდ დათმობა და სხვა.) გახსოვდეთ, შეიძლება დაიწეროს პროექტი, რომელიც საჭიროებს დაფინანსებას და, პირიქით, პროექტი, რომელიც დაფინანსებას არ საჭიროებს. კონკრეტულ შემთხვევაში უფრო რეალური იქნება, თუკი დაწერთ პროექტს, რომლის შესრულებისთვისაც უსასყიდლოდ იშრომებთ, დაფინანსების გარეშე. ასეთი პროექტის განხორციელების შანსი გაცილებით მეტი იქნება, რადგან დაფინანსების მოპოვება რთულად მისაღწევია და პროექტის განხორციელებას რისკის ქვეშ დააყენებს. თქვენს მთავარ მიზანს კი არა მარტო პროექტის შედგენა, არამედ მისი განხორციელებაც წარმოადგენს.

11. რისკის ფაქტორების აღწერა – საჭიროა პროექტის დაწყებამდე იფიქროთ და დაწეროთ, თუ რა შესაძლო სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ პროექტის განხორციელებისას. ჩამოწერეთ ეს რისკფაქტორები და შემდეგ ყველაზე მეტად მოსალოდნელი ფაქტორების დაძლევის და თავიდან აცილების გეგმა შეადგინეთ. ასევე, გამოყავით კონკრეტული პირი/პირები, რომლებიც აღწერილი რისკის შემთხვევაში კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებენ. ჩამოწერეთ განსახორციელებელი გადაუდებელი აქტივობების ნუსხა და შესრულების თანმიმდევრობა. გახსოვდეთ, რისკების მართვაზე, უმჯობესია, ადრევე იზრუნოთ, რათა შემდგომში პროექტის განხორციელება არ შეჩერდეს.