მაჰათმა განდი

მოჰანდას კარამ ჩანდ განდი, იგივე მაჰათმა განგი („მაჰათმა“ ინდოელმა მწერალმა თაგორმა უწოდა, რაც „დიდ სულს“ ნიშნავს) ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი გახლდათ. იგი განათლებით იურისტი იყო. 

დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთის გასათავისუფლებლად მაჰათმა განდიმ არაძალადობრივი დაუმორჩილებლობისაკენ, ანუ მშვიდობიანი გაფიცვისკენ მოუწოდა ხალხს. ადგილობრივი მრეწველობის აღორძინების მიზნით, მან ბოიკოტი გამოუცხადა ბრიტანულ ნაწარმს. თვითონაც უარი თქვა ევროპულ სამოსზე. ჩაიცვა ინდური შინნაკეთი ქსოვილის სამოსი და გლეხური სანდლები. განდიმ მოუწოდა ინდოელ ქალებს, ყოველდღიურად, სახლის პირობებში დაემზადებინათ ტრადიციული ინდური ქსოვილი „ხადი“. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლიდა ინგლისური საფეიქრო ნაწარმის ინდოეთში რეალიზაციას და ინდოეთის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს.

ინდოეთის დამოუკიდებლობის განდისეული გეგმა ორი ნაწილისაგან შედგებოდა:

  1. ინდოეთს არ უნდა მიეღო ინგლისური ნაწარმი;
  2. ინდოეთს უნდა გამოეცხადებინა დაუმორჩილებლობა ინგლისური კანონებისათვის.

მაჰათმა განდიმ თავისი პრინციპებით, რწმენით, არაძალადობრივი ქმედებებით ზემოქმედება მოახდინა 200 000 ადამიანის ცნობიერებაზე და დაარწმუნა ისინი, გაერთიანებულიყვნენ და ერთად ემოქმედათ ძალადობის წინააღმდეგ. ინდოელი ხალხისა და განდის თავდაუზოგავმა პროტესტმა – ისინი უარს ამბობდნენ ინგლისელებთან თანამშრომლობაზე, აწყობდნენ საპროტესტო მარშებს, დაპატიმრებასაც არ უფრთხოდნენ და სხვ., შედეგი გამოიღო – 1947 წელს ინდოეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.