შეთანხმებული მუშაობის მისაღწევად მხარეებმა გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოაქციონ საკუთარი ქცევა, დაიცვან გარკვეული წესები. მათ უნდა იცოდნენ ერთმანეთის მოსმენა, პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს, ერთობლივად ადგენდნენ სამოქმედო გეგმას და იცავდნენ დათქმულ ვადებს. თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული არ არის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პარტნიორის არასწორი არჩევა, თქვენგან დამოუკიდებელი მოვლენები და სხვა. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კონფლიქტი პარტნიორებს შორის, რომელიც გამოწვეულია ერთი და იმავე საკითხების მიმართ სხვადასხვა პოზიციის არსებობით ან პარტნიორების პიროვნული თვისებებით. კონფლიქტი შესაძლოა მოხდეს პროექტზე მომუშავე ჯგუფის შიგნით, ან იმ ორგანიზაციასთან (ან იმ ორგანიზაციის წარმომადგენელთან), რომელსაც ჯგუფი ირჩევს პარტნიორად. პირველ შემთხვევაში, შეიძლება კონფლიქტი სათავეს პროექტზე მუშაობის დაწყებამდეც იღებდეს. არ არის გამორიცხული, რომ ის გამოწვეული იყოს ჯგუფის წევრების პირადი ურთიერთობებით. ასეთ შემთხვევაში მხარეებმა უნდა სცადონ პირად ურთიერთობებზე მაღლა დადგომა და საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება. კონფლიქტის სახე დამოკიდებულია ჩართული მხარეების ქცევაზე. ვისთანაც უნდა მოხდეს კონფლიქტი, შეეცადეთ, არ იყოთ აგრესიული, ფრთხილად შეარჩიოთ გამოთქმები და ტონი, დააცადოთ საუბარი მეორე მხარის წარმომადგენელს. კარგად დაუფიქრდით მის ნათქვამს.
კონფლიქტის მოგვარების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ მხარეებმა აუცილებლად უნდა სცადონ მისი მოგვარება. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს კონფლიქტის მიზეზი, რისთვისაც მოკამათეებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ. ერთობლივად უნდა სცადონ გამოსავლის პოვნა და გამოიჩინონ კომპრომისზე წასვლის მზაობა. თუ კონფლიქტი მაინც ვერ მოგვარდა, დაინტერესებულმა მხარემ დროულად უნდა გააანალიზოს კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები და უფრო გონივრულად შეარჩიოს ახალი პარტნიორი.
პრობლემის დროულად და წარმატებით გადასაჭრელად საჭიროა კარგი გუნდის შექმნა, რომელშიც თანამშრომელთა შორის გადანაწილებული იქნება საქმიანობები მათი უნარის, ცოდნის, გამოცდილების, ინტერესის გათვალისწინებით. ასევე საჭიროა იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა სახელმწიფო და საზოგადოებრივ დონეზე. იმისათვის, რომ ნათელი იყოს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების ფუნქციები, გთავაზობთ ინფორმაციას მათ შესახებ.