კენჭისყრის ოთახის მოწყობა

კენჭისყრის ოთახში იდგმება, სულ ცოტა, რეგისტრატორის ერთი მაგიდა, ფარული კენჭისყრის კაბინა და საარჩევნო ყუთი. კომისიის მდივანი/რეგისტრატორი მაგიდასთან ზის და გასცემს საარჩევნო ბიულეტენებს. ფარული კენჭისყრის კაბინის მოსაწყობად საკლასო ოთახის ერთ-ერთ კუთხეში შეიძლება დაიდგას მერხი, მასზე კი დაიდოს მუყაოს მოზრდილი ყუთი, რათა შეუძლებელი იყოს გვერდებიდან იმის დანახვა, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა.

საარჩევნო ყუთებით კომისიების მომარაგებას უზრუნველყოფენ შესაბამისი საარჩევნო ოლქები. ყუთი დაიდგმება სკამზე. მის გვერდით მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთის ზედამხედველი (კომისიის თავმჯდომარე) და აკონტროლოს, რომ ერთმა ამომრჩეველმა ყუთში ერთ ბიულეტენზე მეტი არ ჩააგდოს.