ბავშვებს ყველაზე აქტიურად ადგილობრივ და ეროვნულ პროცესებში ჩართვა შეუძლიათ, მაგრამ, ასევე, შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მაგალითად, გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) მიერ ჩატარებული კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით განხორციელდა. ბავშვები ჩართულნი იყვნენ რეგიონულ კონსულტაციებში და მათი რეკომენდაციები შეიტანეს ამ კონსულტაციების შედეგად მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტებში. მართალია, ორგანიზატორებისთვის რთული იყო მათთვის უჩვეულო პროცესის წარმართვა, მაგრამ ახალგაზრდების ჩართულობამ ხელი შეუწყო ღირებული შედეგის მიღებას.
საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, ხელი შეუწყოს მომავალი თაობის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითისათვის, ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ 1992 წელს გამოიცა ევროპის ქარტია ახალგაზრდების ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ. ეს უნიკალური დოკუმენტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობაც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ზრუნავს ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობისათვის. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტად რჩება ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც გაეროს მიერ 1989 წელს იქნა მიღებული.