თქვენ და სკოლა

თქვენ უკვე საშუალო საფეხურის მოსწავლე ხართ და სასკოლო ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება დაგიგროვდათ. უკვე გაცნობიერებული გაქვთ, რომ სკოლა გარკვეული ტიპის საზოგადოებაა. სკოლაში, ცოდნის მიღებასთან ერთად, მიმდინარეობს თქვენი მოქალაქედ აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესი. სკოლა აერთიანებს საზოგადოების დიდ ნაწილს – მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს, სკოლის დირექციასა და დამხმარე პერსონალს. მათთან ყოველდღიური ურთიერთობით იძენთ საზოგადოებაში წარმატებულად ცხოვრების გამოცდილებას და გამოიმუშავებთ დამოკიდებულებებს სხვადასხვა საგნისა და მოვლენის მიმართ.

სასკოლო ცხოვრების ყველა პროცესი: სწავლება-სწავლა, უფლება-მოვალეობების გაცნობიერება, თანატოლებსა და უფროსებთან ურთიერთობები, თავისუფალი დროის ორგანიზება, დამოკიდებულება სასკოლო ინფრასტრუქტურასა და ინვენტართან, განისაზღვრება თითოეული თქვენგანის ინტერესებით, სურვილებით, საჭიროებებითა და მოთხოვნილებებით ამ პროცესებისადმი.