ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს კონსტიტუციასა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაში“ დეკლარირებულ პრინციპებს ეყრდნობა. კოდექსის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“ (მუხლი 2).
ამ ახალი საკანონმდებლო აქტით განისაზღვრა ის ცვლილებები, რომლებიც უკვე განხორციელდა და შემდგომშიც უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში: ახალი, მოსახლეობასთან უფრო ახლოს მყოფი მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბება, თვითმმართველობებისათვის დამატებითი უფლებამოსილებებისა და სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების ნაწილის გადაცემა, თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლების ოდენობის გაზრდა, მაღალმთიანი და განსაკუთრებული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა, მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმების შექმნა და ა.შ.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, აირჩიონ ან თავად იქნენ არჩეულნი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ; მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და წინასწარ გაეცნონ მის გადაწყვეტილებებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ პროექტების საჯარო განხილვა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს, თუ კონკრეტულად რა სახის მომსახურება შეუძლია მიიღოს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ხოლო ამ უკანასკნელმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისი იყოს.