თვითმმართველობის არსი და მნიშვნელობა, თვითმმართველობის სისტემა და საკანონმდებლო ბაზა საქართველოში

ამ თემით გაეცნობით:


საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას თვითმართველობის მიმართულებით;


თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.


საქართველოში, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, თვითმმართველობა უძველესი დროიდან იწყება. სახელმწიფოთა შექმნამდე და შემდეგაც - დასახლებებში, ხეობებში, თემებში საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლება (უხუცესები, ხევისბერები, მახვშები, აღსაკალები, მამასახლისები და ა.შ.) არსებობდა.


ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში ქალაქებში თვითმმართველობის უფრო რთული სისტემა იქმნება. XII საუკუნეში ქალაქებს ამირთამირები (ქალაქის მმართველები) ხელმძღვანელობდნენ, რომელთაც მოხელეთა მთელი შტატი (წესრიგის დამცველები, ადგილობრივი მოსაკრებლების ამკრეფები და ა.შ.) ექვემდებარებოდა. მოგვიანებით კი ქალაქებს მეფის მიერ დანიშნული მოურავები ხელმძღვანელობდნენ (მაგალითად, თბილისის მეთაური - დიდი მოურავი იყო გიორგი სააკაძე).


რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქალაქებში მართვის ევროპული სტილი ყალიბდება. 1840 წელს თბილისმა, ხოლო 1870-იანი წლებიდან - ქუთაისმა, გორმა, ახალციხემ, ფოთმა, ბათუმმა, თელავმა, სიღნაღმა, ახალქალაქმა, ოზურგეთმა, სოხუმმა და ა.შ. თანდათან თვითმმართველობა შემოიღეს. ქალაქებს მოქალაქეთა მიერ არჩეული სათათბიროები მართავდნენ. ქალაქებსა და მაზრებს ბევრი ცნობილი პირი ხელმძღვანელობდა (თბილისში - დიმიტრი ყიფიანი, ფოთში - ნიკო ნიკოლაძე, ზუგდიდში - რაფიელ ერისთავი და სხვ.).