ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს...
... ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, - ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.
მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას (დეცენტრალიზაცია) უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს.
ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს.