მეექვსე საფეხურის აღწერა:
პროექტზე მუშაობის მეექვსე საფეხური წარმოადგენს პროექტზე მუშაობის ბოლო, დასკვნით ეტაპს. ამ საფეხურზე თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენ მიერ შემუშავებული პროექტის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის განვითარების სრული დინამიკა – რატომ შეარჩიეთ აღნიშნული პრობლემა, როგორ მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ, რა კვლევა ჩაატარეთ, როგორ განსაზღვრეთ პრობლემის გადაჭრის გზები, რა რესურსები დაგჭირდათ პროექტზე მუშაობაში და როგორ და ვის მიერ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.
პორტფოლიოს პრეზენტაციისას, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თქვენი პრეზენტაცია ემსახურება შემდეგ მიზნებს:
- დაანახვოთ აუდიტორიას თქვენ მიერ შერჩეული პრობლემის მნიშვნელობა;
- დაანახვოთ აუდიტორიას პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;
- წარმოადგინოთ კლასის გადაწყვეტილება, როგორც პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა;
- წარმოადგინოთ, როგორ შეიძლება მოიპოვოს თქვენმა შერჩეულმა სტრატეგიამ სხვადასხვა სექტორის, თვითმმართველობის, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა პროექტის განხორციელების კუთხით.