ყველა ამ ტიპის ორგანიზაცია აქტიურად მოღვაწეობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციაზე და, ასევე, ცდილობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, რომ გავლენა მოახდინოს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებზე.
ასეთი ინტერესთა ჯგუფები შუამავლის როლს ასრულებენ ცალკეულ ინდივიდებსა და ხელისუფლებას შორის. მათი მოღვაწეობის შედეგად – ღია დებატების, დიალოგის, კომპრომისისა და კონსენსუსის გზით – დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობას გააუმჯობესებენ.
დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანი შეკრებებისა და თავიანთი პროტესტის ძალადობის გარეშე გამოხატვისა. დემონსტრაციები, პეტიციები, მარშები, მიტინგები, სახალხო გამოსვლები, პიკეტი, პროკლამაციები და პამფლეტები, პლაკატების გამოფენა, ლოზუნგები, საპროტესტო წერილები, დარბაზის დემონსტრაციულად დატოვება, უარის თქმა სამთავრობო ჯილდოებზე, ბოიკოტი, შიმშილობა, საპროტესტო გაფიცვა და ა.შ. პროტესტის ფორმებია, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ არის მიმართული. პროტესტის ასეთი ფორმები ყოველთვის იყო დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.