იგავი – რა დამოკიდებულება გვაქვს:
„ორი ბრძენი მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა, რათა გაეგოთ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. ერთ პატარა ქალაქში მათ ნახეს ადამიანები, რომლებიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ. ისინი შეუჩერებლად ეზიდებოდნენ უზარმაზარ ლოდებს სადღაც. როგორც ერთი შეხედვით იგრძნობოდა, ძალიან უჭირდათ, დაკოჟრილი ხელებიდან სისხლი სდიოდათ. გატანჯულ სახეებზე ღვარად ჩამოსდიოდათ ოფლი.
ბრძენკაცები დაინტერესდნენ, რას ემსახურებოდა მათი საქმიანობა.
– რას აკეთებ? – ჰკითხეს ერთ-ერთ მათგანს.
– ქვებს ვეზიდები, – იყო პასუხი.
– შენ რაღას აკეთებ? – ჰკითხეს მეორეს.
– ბავშვებისთვის ლუკმაპურის ფულს გამოვიმუშავებ.
– და შენ რაღას აკეთებ?
– ღვთის ტაძარს ვაშენებ!
მაშინ კი ჩასწვდნენ ბრძენკაცები ერთ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას:
„მთავარია არა ის, რას აკეთებ, არამედ ის, თუ როგორ ეკიდები ამ საქმეს“.
ერთმა და იმავე საქმიანობამ შეიძლება ერთ ადამიანს ტანჯვა და ტკივილი მიაყენოს, მეორეს კი ბედნიერება განაცდევინოს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი რაღაც კარგი აღმოვაჩინოთ. რადგან ის იქ უთუოდ არსებობს. უბრალოდ, კარგად უნდა მიმოვიხედოთ ირგვლივ, ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვა შევძლოთ – მხოლოდ ამგვარად მოვახერხებთ მთელი ჩვენი ცხოვრების შეცვლას.
წაიკითხეთ იგავი და უპასუხეთ კითხვებს: