ბულინგის დაძლევა - კომპრომისი და თანამშრომლობა.

ბულინგის და, ზოგადად, დისკრიმინაციის ყველა გამოვლინების დასაძლევად, უნდა შეიარაღდეთ ცოდნით, უნდა გამოიმუშაოთ კომუნიკაციის, დიალოგის წარმართვის, აქტიური მოსმენის, ემპათიის/თანაგანცდის უნარ-ჩვევები და შეიქმნათ ნეგატიური დამოკიდებულება არატოლერანტული ქცევისადმი. 

დისკრიმინაციის დაძლევის საუკეთესო საშუალებებია კომპრომისი და თანამშრომლობა.

კომპრომისი

კომპრომისი არის შუალედური წერტილი ორ ან რამდენიმე ექსტრემალურ მოსაზრებას შორის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორი ან რამდენიმე მოკამათე მხარე მზად არის, გარკვეული პოზიცია დათმოს საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად.

ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კომპრომისს 

როდესაც თანატოლებთან ან უფროსებთან ვკამათობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმის მიღწევა, რაც გვსურს, ყოველთვის არ არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ შევძლოთ კომპრომისის მიღწევა, ყოველთვის შევხედოთ სიტუაციას მოკამათე ადამიანის მხრიდანაც. თუ ყველა სადავო სიტუაციაში მოვახერხებთ კომპრომისის მიღწევას, მოვიპოვებთ ადამიანთა ნდობას და შემდგომში მათ მხარდაჭერასაც. 

დაეთანხმეთ ადამიანებს და აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მათ მოსაზრებებს. არ გეგონოთ, რომ ეს ნიშნავს, თითქოს თქვენ მათ უპირატესობას აღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფლობთ კომპრომისის ხელოვნებას.

ასევე, დისკრიმინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ ადამიანის უფლებების ცოდნა.

გახსოვდეთ, დიალოგი დაგეხმარებათ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაში.

 

 როგორ წარვმართოთ დიალოგი?

1. დიალოგი არის თანამშრომლობა, მისი მიზანია შეთანხმება;

2. დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რომ გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებები პოზიციებს შორის;

3. დიალოგი ხელს უწყობს განსახილველ საკითხზე მცდარი შეხედულების გამოვლენასა და შეფასებას;

4. დიალოგის პროცესში მისაღებია პოზიციის შეცვლა;

5. დიალოგი იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, იპოვო პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის თავდაპირველ პოზიციას;

6. დიალოგი ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას;

7. დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას.