სტერეოტიპი და იმიჯი

 

სტერეოტიპის ნათელი მაგალითი გენდერული სტერეოტიპებია, როდესაც ქალები და მამაკაცები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად არ მონაწილეობენ, მათი როლები თანაბრად არ ნაწილდება.

განვიხილოთ საქართველოში დამკვიდრებული ერთ-ერთი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი:

ქალის ადგილი სახლშია, ქალის მთავარი მოვალეობა დიასახლისობაა.

როგორ დავძლიოთ ეს და, საერთოდ, ნებისმიერი სტერეოტიპი?

  • სტერეოტიპის დაძლევის მიზნით, უნდა შეაგროვოთ მაგალითები, რომლებიც აქარწყლებს სტერეოტიპს;
  • უარი თქვათ ნეგატიურ სტერეოტიპზე;
  • უკეთ გაიცნოთ იმ ადამიანთა ჯგუფის ტრადიციები, კულტურა და ა. შ. ვისზეც არის შექმნილი სტერეოტიპი.

გენდერული სტერეოტიპი თანდათან იმსხვრევა. ქალის როლი და იმიჯი დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხშირად გვხვდება საქმიანი იმიჯის მქონე ქალი – ოფიციალურ სამოსში გამოწყობილი და საქმიანი მანერით.

შესაძლოა, საქმიანი იმიჯის მქონე ქალბატონი სულაც არ იყოს დაკავებული ბიზნესით და მისი ქცევის მანერა და ჩაცმულობა მხოლოდ ილუზია იყოს. 

სწორედ ეს არის სტერეოტიპის მონათესავე ტერმინის – იმიჯის ძირითადი არსი. იმიჯი კონკრეტულ საგანზე, ადამიანზე ხელოვნურად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენაა. იგი ხშირად ფაქტებს კი არ ეფუძნება, არამედ პრესტიჟს, ემოციებს, აზრებს და ა.შ. იმიჯი ხელს უშლის ობიექტის რეალურ აღქმას. იმიჯის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია საქმიანი ადამიანისათვის. იმიჯს ფართოდ იყენებენ რეკლამაში, პროპაგანდაში. „მასობრივი საშუალებები“ ხშირად, რეალური სახეების ნაცვლად, სწორედ სტერეოტიპებსა და იმიჯს იყენებენ.

დისკრიმინაციას ხშირად იწვევს უცოდინრობა. რაც არ ვიცით, უცნაურად გვეჩვენება და ამიტომ გვეშინია განსხვავებულის. მას ეჭვის თვალით ვუყურებთ და ხშირად აგრესიულადაც ვეპყრობით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკრიმინაცია შეიძლება გამოხატული იყოს განათლებისა და სოციალური მომსახურების მიღების შეზღუდვით, ადამიანთა იგნორირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებაში თანამონაწილეობის შეზღუდვით, დაცინვით, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ქალებისა და უმცირესობათა კარიერული წინსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნით.

ხშირად უმცირესობათა ჯგუფები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, დღეს კიდევ არსებობს რასისტული ორგანიზაციები: „თეთრი დანები“, „ნეონაცისტები“, „სკინჰედები“ (skinhead – თმა გადაპარსული) და სხვა, რომლებიც ღიად აცხადებენ თავიანთ დისკრიმინაციულ და რასისტულ შეხედულებებს.