განვიხილოთ არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის გამოვლინებები ცალ-ცალკე:

რომ დავძლიოთ არატოლერანტული ქცევის, დისკრიმინაციის შედეგი – ძალადობა, უნდა ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები. ყველა არატოლერანტული ქცევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ძირითადი მიზეზი ნეგატიური სტერეოტიპები, წინასწარშეგონებები და ეთნოცენტრიზმია.

ეთნოცენტრიზმი არის ეთნიკური ჯგუფის მიერ საკუთარი ტრადიციებისა და ფასეულობების გადაჭარბებული შეფასება და საკუთარი ჯგუფის უპირატესად წარმოდგენა. ეთნოცენტრიზმი ეთნოსებს შორის კონფლიქტს იწვევს.

წინასწარშეგონებები – წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულებები ხელს გვიშლის, რეალურად დავინახოთ და შევაფასოთ ადამიანები და მიმდინარე მოვლენები. წინასწარშეგონება არის ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ან მოვლენის გაცნობამდე, მოვლენის გააზრებამდე შექმნილი მცდარი აზრი, რადგან შემფასებელი საერთოდ არ იცნობს ან ცუდად იცნობს განსახილველ საკითხს.

სტერეოტიპები არის შეხედულებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო  გვიყალიბდება ადამიანებზე, მოვლენებზე, ადამიანთა ჯგუფებზე. „სტერეოტიპი“ ბერძნული სიტყვაა. სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი, „სტერეო“ ნიშნავს მყარს, მეორე, „ტიპოს“ კი – ანაბეჭდს. სტერეოტიპი წარმოადგენს ადამიანის მიერ ქცევის ნორმების, ტრადიციების, სხვა ღირებულებების უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით შეფასებას.

სტერეოტიპის შექმნის დროს ხდება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ ჩვენი მოსაზრების განზოგადება. საზოგადოება ხშირად უსამართლოდ ქმნის და სამუდამოდ აწესებს ზოგიერთ სტერეოტიპს, რომელიც ხშირად ხდება უსამართლო დევნისა და დისკრიმინაციის მიზეზი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ჩვენ განვაზოგადებთ ჩვენს შეხედულებას. ამ განზოგადების საფუძველს წარსულში მიღებული გამოცდილება, წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში წაკითხული ამბები, ტელევიზიიდან ან ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისგან მიღებული ინფორმაცია, ნანახი კინოფილმები წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვიქმნით წინასწარ განწყობას პიროვნების მიმართ არა რეალურ ფაქტებზე, არამედ სტერეოტიპებზე დაყრდნობით. ხშირად ვექცევით სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების იმ ჯგუფს, რომელთანაც არ გვაქვს სისტემატური შეხება. ძველ ამერიკულ კინოფილმებში აფროამერიკელები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც უვიცები, ზარმაცები და მოძალადეები, რამაც ხელი შეუწყო აფროამერიკელების შესახებ მცდარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას.