რას ნიშნავს, ვიყო აქტიური მოქალაქე?
საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქე ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ინტერესდებოდეს ქვეყანაში, ქალაქში, თემში მიმდინარე პროცესებით, ხმამაღლა სვამდეს შეკითხვებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური მოქალაქეები მონიტორინგს უწევენ ხელისუფლებას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტთან თანამონაწილეობით, ახდენენ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მობილიზაციას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებებს, საჯარო გამოსვლებსა და მშვიდობიან აქციებს აზრის გამოსახატავად.
ამ თვისებების მქონე მოქალაქეებისგან შემდგარი სოციუმი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდების მიერ ინიცირებული, თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების ერთობლიობა. მათი მოღვაწეობა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისაგან კანონით არის დაცული. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, თვითნებურად შეზღუდოს მათი საქმიანობა.