მოქალაქის ცნება

პირველ ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. მოქალაქის ცნების განმარტება მრავალმხრივია. სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქალაქე პიროვნებაა, რომლის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სახელმწიფო, სადაც ის ცხოვრობს. ასევე, მოქალაქეებს აქვთ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე, რომელთა შორის ძირითადია ქვეყნის კანონების დაცვა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემოსავლიდან გადასახადების გადახდა და სხვ.

ისტორიულად და დღესაც მოქალაქის ცნების მთავარი განმსაზღვრელი პიროვნების მიერ უფლებების გამოყენება და მოვალეობების შესრულებაა.  გახსოვდეთ, რომ ადამიანსა და მოქალაქეს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს მინიჭებული უფლებები, ხოლო მოქალაქეს, უფლებების გარდა, აკისრია მოვალეობებიც. სამწუხაროდ, რიგ ქვეყნებში თანამედროვე მოქალაქე აქტიურად არ მონაწილეობს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. ძირითადად, მისი მონაწილეობა შემოიფარგლება არჩევნებში ხმის მიცემით, ზოგჯერ ამასაც არ აკეთებს. ამგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება აფერხებს დემოკრატიის განვითარებას.