პროექტზე მუშაობა – II საფეხური: პრობლემის შერჩევა საპროექტო წინადადებებისთვის

მეორე საფეხურის აღწერა:

პროექტზე მუშაობის მეორე საფეხურზე თითოეულმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს, თუ რა ინფორმაცია შეაგროვა თემში არსებული პრობლემების შესახებ. მთელი კლასი განიხილავს წარმოდგენილ პრობლემებს, მსჯელობს, არის თუ არა მიღებული ინფორმაცია საკმარისი იმისათვის, რომ შეარჩიოთ საპროექტო წინადადებისთვის შესაფერისი პრობლემა.

საკლასო დისკუსიის საშუალებით, განიხილეთ, ფლობთ თუ არა საკმარის ინფორმაციას საპროექტო წინადადებისთვის საჭირო პრობლემის შესარჩევად.

თუ კლასი ფიქრობს, რომ მოპოვებული ინფორმაცია საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეთ განსახილველი პრობლემა. დასვით შეკითხვები და გადაამოწმეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია თუ არა შერჩეული პრობლემა როგორც თქვენთვის, ასევე თემისთვის. დარწმუნდით, რომ შესაძლებელია საინტერესო მასალის შეგროვება, პორტფოლიოს მომზადება ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ საპროექტო წინადადებისთვის საჭირო პრობლემას, მოიფიქრეთ, სად შეიძლება მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ.