იმთავითვე უნდა განსაზღვროთ პარტნიორები თანამშრომლობისათვის. ეს შეიძლება იყოს სკოლის თვითმმართველობა ან ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები (მათ შესახებ ინფორმაცია უკვე იხილეთ წიგნში – კერძო პირები, კომპანიები და ა.შ. პარტნიორებთან ურთიერთობა ალბათ სხვადასხვა ფორმით მოგიწევთ. ეს იქნება განცხადებით მიმართვა, ელექტრონული გზავნილის გაგზავნა, საპროექტო განაცხადის შეტანა და ა.შ.). სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერა და დახმარება რომ მოიპოვოთ, მათ თქვენი პროექტის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოთ და კონკრეტული მხარდაჭერა სთხოვოთ. ამისათვის სპეციალურად შექმნილ საპროექტო განაცხადის ფორმას იყენებენ.
საპროექტო განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:
- თავფურცელი;
- ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (პროექტის ძირითადი განმახორციელებლები, პარტნიორები და მათი კონკრეტული როლები);
- პროექტის მოკლე შეჯამება (პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების პროცესის მოკლე აღწერა);
- პრობლემის/საჭიროებების აღწერა (დეტალურად აღწერეთ ის პრობლემა, რომლის მოგვარებაც არის თქვენი პროექტის მიზანი);
- პროექტის დეტალური აღწერა (რა აქტივობები განხორციელდება პროექტის ფარგლებში, რა ღონისძიებები გატარდება პროექტის განმახორციელებლებისა და მათი პარტნიორების მიერ აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ);
- პროექტის განხორციელების გრაფიკი (ცხრილის სახით წარმოდგენილი პროექტის განხორციელების გეგმა კვირებისა და თვეების მიხედვით, რომელიც გვიჩვენებს, თუ დროის რა პერიოდში რა საქმიანობა განხორციელდება);
- პროექტის ბენეფიციარები (ვინ არიან ის ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს აღნიშნული პროექტი);
- პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით (მაგ, 30 პედაგოგი, 35 მშობელი, სკოლის ადმინისტრაციის 10 წარმომადგენელი, თემის 100 წარმომადგენელი და ა.შ.);
- პროექტის შეფასება (როგორ შეაფასებს განმახორციელებელი პროექტის საქმიანობის ეფექტურობას);
- პროექტის ბიუჯეტი (აქვე მიუთითეთ, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვთ დონორი ორგანიზაციისაგან, ხოლო რა ოდენობის თანამონაწილეობას განახორციელებს განმცხადებელი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სახით. მაგ., პროექტის განმახორციელებლების მხრიდან უსასყიდლოდ შრომა პროექტისათვის, საკონფერენციო დარბაზისა თუ ტექნიკის უფასოდ დათმობა და სხვ.)
- რისკის ფაქტორების აღწერა (ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას და მისი მიზნების მიღწევას);
- პროექტის სიცოცხლისუნარიანობის გეგმა (აღწერეთ, როგორ გაგრძელდება პროექტი დაფინანსების დასრულების შემდეგ.